მუხლი 1. ზოგადი დებულებები:
1.1. ა(ა)იპ "საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციის" (შემდგომში
“ასოციაცია”) ეთიკის კომისია (შემდგომში „კომისია“), წარმოადგენს დამოუკიდებელ არაიურიდიულ
პირს - საზოგადოებას, რომლის შემადგენლობაში შედის ასოციაციის წევრები და საჭიროების
შემთხვევაში, სხვა მოწვეული პირები.
1.2. კომისია უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის უფლებების, მათი ღირსებებისა
და პიროვნული ავტონომიის დაცვის ხელშეწყობას; ასოციაციის წევრების საქმიანობის პროცესში
წამოჭრილი პრობლემების, ეთიკური ასპექტების წარმოჩენასა და შესაბამისი ანალიზის შემდეგ
რეკომენდაციების შემუშავება/მიწოდებას ასოციაციის თავმჯდომარის და შემდეგში წევრების მიმართ.
1.3. კომისია ნებაყოფლობითი გაერთიანებაა, მისი საქმიანობის მიზანს არ წარმოადგენს რაიმე მოგების
მიღება;
1.4. კომისიას არ გააჩნია პირდაპირი დაინტერესება კონკრეტული შემთხვევის მიმართ. ასოციაციისგან
დამოუკიდებლად, კომისია ახდენს შემთხვევების განხილვას და რეკომენდაციების გაწევას;
1.5. კომისია ქმედებებს ახორციელებს ყველა წევრის თანასწორუფლებიანობის და ჰუმანიზმის
პრინციპების საფუძველზე; საქართველოს კონსტიტუციის, მოქმედი კანონმდებლობის და
საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად.
მუხლი 2. კომისიის საქმიანობის მიზნები და ამოცანები:
კომისიის მიზანია:
2.1. დაიცვას ასოციაციის წევრთა ქმედების ეთიკური უფლებები;
2.2. აწარმოოს შემოსული განაცხადის ან საჩივრის მიუკერძოებელი შეფასება;
2.3. მიიღოს გადაწყვეტილება:
ა) ასოციაციის საქმიანობის პროცესში აღმოცენებული პრობლემების ეთიკური ასპექტების შესახებ.
ბ) რეკომენდაციების, სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავება, რომლებიც დაეხმარება ასოციაციის
წევრებს ეთიკური პრობლემების გადაჭრაში
გ) კონსულტაციების გაწევა ასოციაციის წევრებისთვის, ამა თუ იმ კონკრეტული შემთხვევის ეთიკური
ასპექტების შესახებ.
დ) წარსულში განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების
ეთიკური ასპექტების რეტროსპექტული განხილვა.
2.4. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის,
საერთაშორისო ხელშეკრულებით შეთანხმებით გათვალისწინებული ნორმების ფარგლებში გასცეს
თანხმობა ამა/თუ იმ ქმედებაზე შესაბამისი გადაწყვეტილებით.
აღნიშნული მიზნების განხორციელებისთვის კომისია:
2.5. დამოუკიდებლად და ობიექტურად აფასებს წამოჭრილ ეთიკურ პრობლემას;
2.6. აფასებს ყოველი შემთხვევის შესაბამისობას საერთაშორისოდ აღიარებულ ეთიკურ ნორმებთან;
2.7. აფასებს ყოველი საჩივრის მიზანშეწონილობას;
2.8. ახორციელებს ზედამხედველობას, რათა განხილვის პროცესი წარიმართოს მიუკერძოებლად,
დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;
2.9. უზრუნველყოფს მიღებული გადაწყვეტილების სისრულეს და სანდოობას.
მუხლი 3. კომისიის საქმიანობა
3.1. საქმიანობის წარმართვისას კომისია საჭიროების შეთხვევაში ატარებს სხდომას, რომელიც
უფლებამოსილია თუ მას ესწრება წევრთა 2/3 მაინც;
3.2. კომისია გადაწყვეტილებას იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
2
3.3. კომისიის გადაწყვეტილება უნდა ეცნობოს განაცხადის შემომტანს სხდომის ჩატარებიდან 5 დღის
განმავლობაში;
3.4. კომისიის ყველა დოკუმენტი ფორმდება წერილობითი სახით, ყველა საბუთი დამოწმებულია
კომისიის ყველა დამსწრე წევრის ხელმოწერით და ასოციაციის ბეჭდით;
3.5. საჩივრის ან განაცხადის ფორმა დადგენილია ასოციაციის თავმჯდომარის მიერ.
მუხლი 4. კომისიის შემადგენლობა
4.1. კომისი შემადგენლობა განისაზღვრება არაუმეტეს 15 (თხუთმეტი) წევრით;
4.2. კომისიას ყავს თავჯდომარე, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს კომისია სიითი შემადგენლობის
უმრავლესობით;
4.3. კომისიის საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად, ექსპერტის სტატუსით, შესაძლოა მოწვეულ იქნას
არაოფიცერი ან ოფიცერი წევრი, რომელსაც აქვს კომისიის საქმიანობის მიზნებთან შესაბამისი
სპეციალიზებული ცოდნა/გამოცდილება;
4.4. კომისიაში გაწევრიანების უფლება აქვს ასოციაციის მოქმედი სტატუსის მქონე ნებისმიერ წევრს,
რომელიც დააკმაყოფილებს ამ დებულებით დადგენილ მოთხოვნებს;
4.5. კომისიის თავმჯდომარის დანიშვნა მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე
ხდება არაუადრეს 30 და არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა, ხოლო მოქმედი თავმჯდომარის
თანამდებობრივი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – უფლებამოსილების
შეწყვეტიდან 15 კალენდარულ დღეში;
4.6. კომისიის წევრები აირჩევიან 1 წლის ვადით. შესაძლებელია კომისიის წევრის ხელახალი არჩევა;
4.7. კომისიის წევრთა დასწრება კომისიის სხდომაზე სავალდებულოა. გამონაკლისს წარმოადგენს,
კომისიის წევრის მიერ საპატიო მიზეზით სხდომაზე გამოუცხადებლობა, კომისიის თავმჯდომარის
წინასწარი ინფორმირების საფუძველზე. კომისიის სხდომაზე დასწრება შესაძლებელია
უზრუნველყოფილი იყოს დისტანციური შეხვედრის ტექნიკური საშუალებებით;
4.8. კომისია უფლებამოსილია საჩივრის განხილვა აწარმოოს მიღებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო
დღისა და სხდომაზე გამოიტანოს მიუკერძოებელი დასკვნა.
მუხლი 5. კომისიის წევრთა შერჩევის, დამტკიცების და წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის პროცესი
5.1. კომისიის წევრი ვალდებულია დაიცვას ინფორმაციის კონფიდენციალობა;
5.2. იმ შემთხვევაში, თუ განსახილველი საკითხი ეხება კომისიის ერთ-ერთ მონაწილეს, აღნიშნული
პიროვნება არ იღებს მონაწილეობას განხილვაში და გადაწყვეტილება მიიღება მის გარეშე;
5.3. კომისიის წევრი ანგარიშვალდებულია კომისიის თავმჯდომარის, ასოციაციის და საერთო კრების
წინაშე.
5.4. კომისიის წევრებად შეირჩევიან შესაბამისი გამოცდილების მქონე პირები. მხედველობაში მიიღება
მსურველი კანდიდატის მსგავს სამუშაო ჯგუფებში საქმიანობის გამოცდილება და მზაობა აქტიურად
იყოს ჩართული საკომისიო მუშაობაში, მათ შორის გამოყოს შესაბამისი დრო საკომისიო
საქმიანობისათვის.
5.5. ასოციაციის საერთო კრებისთვის წარდგენის მიზნით, კომისიის წევრობის კანდიდატთა განაცხა-
დების განხილვას, შეფასებასა და შერჩევას ახორციელებს კომისიის თავმჯდომარე, ასოციაციის
აპარატის მხარდაჭერით.
5.6. საჭიროების შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია კომისიის წევრობის კანდიდატთან
დანიშნოს გასაუბრება. გასაუბრებაში კომისიის თავმჯდომარესთან ერთად მონაწილეობს საერთო
კრების მინიმუმ ერთი წევრი.
5.7. კომისიის წევრებს ამტკიცებს ასოციაციის საერთო კრება კომისიის თავმჯდომარის რეკომენდაციის
გათვალისწინებით.
5.8. კომისიის წევრს შესაძლოა ვადამდე შეუწყდეს უფლებამოსილების ვადა:
5.8.1. კომისიის წევრის პირადი განცხადების საფუძველზე;
5.8.2. ასოციაციის წევრობის შეჩერება/შეწყვეტის შემთხვევაში;
5.8.3. ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევაში;
3
5.8.4. კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა კომისიის წევრის მიერ
კომისიის წევრობისათვის განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობა, როგორიცაა:
ა) კომისიის სხდომების პერიოდული გაცდენა არასაპატიო მიზეზით;
ბ) კომისიის თავმჯდომარის მიერ წევრისთვის განსაზღვრული საქმის შეუსრულებლობა;
გ) სხვა ობიექტური გარემოება, რაც შეუსაბამოა კომისიის წევრობასთან.
5.9. კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მსჯელობს და საბოლოო გადაწყვეტილებას
იღებს ასოციაციის საერთო კრება.
მუხლი 6. კომისიის თავჯდომარის უფლებამოსილებები
6.1. იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომას;
6.2. ადგენს, კომისიის სხდომის დღის წესრიგს;
6.3. არის კომისიის წარმომადგენელი, გამოდის კომისიის სახელით;
6.4. ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის;
6.5. ამ დებულების შესაბამისად ქმნის კომისიის სამუშაო ჯგუფებს, ცალკეულ საკითხებთან
დაკავშირებით;
6.6. ადგენს და კომისიას განსახილველად წარუდგენს სამუშაო გეგმის პროექტს; უზრუნველყოფს სამუშაო
გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას;
6.7. აძლევს დავალებებს კომისიის წევრებს;
6.8. ანგარიშვალდებულია კომისიის წევრთა, ასოციაციის თავმჯდომარის და საერთო კრების წინაშე;
6.9. აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას;
6.10. ასოციაციას წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
6.11. ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს.
მუხლი 7. კომისიის თავმჯდომარის შერჩევის და უფლებამოსილების შეწყვეტის წესი
7.1. კომისიის თავმჯდომარე აირჩევა კომისიის საკუთარი შემადგენლობიდან, სრული შემადგენლობის
უმრავლესობით 1 წლის ვადით.
7.2. ახალარჩეული კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა იწყება წინა თავმჯდომარის
უფლებამოსილების ვადის გასვლის მომდევნო დღეს, ხოლო თუ კომისიის თავმჯდომარე არჩეულ
იქნა წინა თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო – მისი არჩევის მომენტიდან.
კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა იწურება მისი არჩევიდან 1 წლის თავზე, იმ
რიცხვის წინა დღეს, რომელშიც დაიწყო იგი.
7.3. კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს, გადადგეს თანამდებობიდან, მაგრამ უფლებამოსილების
ვადის გასვლამდე დარჩეს კომისიის წევრად.
7.4. კომისიის თავმჯდომარე კოორდინაციას უწევს კომისიის მუშაობას და უძღვება კომისიის სხდომებს.
7.5. ასოციაციის თავმჯდომარის წინასწარი თანხმობის საფუძველზე, კომისიის თავმჯდომარეს უფლება
აქვს გააკეთოს საჯარო განცხადებები კომისიის საქმიანობასა და კომისიის მიერ მიღებულ
გადაწყვეტილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
7.6. განსაკუთრებული აქტუალურობითა და სპეციფიკური ცოდნის საჭიროებით განპირობებული
საკითხის გადაწყვეტის მიზნით, კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს მოიწვიოს სხვადასხვა
დარგის ექსპერტები და ოფიცრის პროფესიის წარმომადგენლები, როგორც სასამართლო სისტემიდან,
ასევე სხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო ინსტიტუტებიდან.
7.7. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის ან არყოფნის ან მის მიერ თავისი
უფლებამოსილების განხორცილების შეუძლებლობის შემთხვევაში, კომისიის მუშაობას
კოორდინირებას უწევს და კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს კომისიის ერთ-ერთი
წევრი კომისიის ან ასოციაციის გამგეობის გადაწყვეტილებით.
7.8. კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა შესაძლებელია საერთო კრების
გადაწყვეტილებით.
7.9. კომისიის თავმჯდომარე უზრუნველყოფს:
• საანგარიშო წლის დასაწყისში კომისიის საქმიანობის წლიური გეგმის შემუშავებას;
4
• კომისიის სხდომაზე განხილვისა და დამტკიცების მიზნით შესაბამისი წლიური სამოქმედო გეგმის
კომისიის წევრებისათვის წარდგენას;
• საანგარიშო წლის ბოლოს, ასოციაციის საერთო კრებისთვის სამოქმედო გეგმით
გათვალისწინებული აქტივობების შესრულების ანგარიშის წარდგენას.
7.10. ასოციაციის საერთო კრება უფლებამოსილია კომისიის თავმჯდომარისაგან მოისმინოს ანგარიში
კომისიის საქმიანობის თაობაზე სხვა პერიოდულობითაც.
მუხლი 8. კომისიის გადაწყვეტილება
8.1. კომისია უფლებამოსილია მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) წარმოების შეწყვეტის შესახებ;
ბ) რეკომენდაცია შენიშვნის ან საყვედურის გამოცხადების შესახებ.
8.2. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება კომისიის სხდომაზე
8.3. კომისია გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა უმრავლესობით
8.4. კომისიის მდივანი აფორმებს დასკვნას სხდომის შესახებ, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ
ინფორმაციას:
ა) კომისიის სხდომის თარიღი;
ბ) სხდომაში მონაწილეთა ჩამონათვალი;
გ) სხდომის ჩატარების მიზეზი;
დ) სხდომაში მონაწილე კომისიის წევრებისთვის მიწოდებული ინფორმაცია;
ე) კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაცია.
8.5. სხდომის ოქმს აწერს ხელს კომისიის თავჯდომარე/სხდომის თავჯდომარე და ის წევრი რომელმაც
შეადგინა სხდომის ოქმი.
მუხლი 9. კომისიის სხდომების ორგანიზების პროცედურა
9.1. კომისია სხდომებს მართავს იმ სიხშირით, რაც აუცილებელია მისი ფუნქციების შესრულებისათვის;
9.2. ასოციაციის თავმჯდომარე და საორგანიზაციო კომისია ეხმარებიან ეთიკის კომისიის თავჯდომარეს
სხდომების ორგანიზებაში, რაც გულისხმობს შემოსული განაცხადის ან საჩივრის გადაცემას
კომისიისთვის და თარიღების განსაზღვრას.
9.3. კომისიის საორგანიზაციო საკითხზე პასუხისმგებელია კომისიის მდივანი, რომელიც უზრუნველყოფს
ყველა დოკუმენტის წარმოებას, კომისიის წევრების ინფორმირებასა და საორგანიზაციო საკითხებს;
9.4. კომისიის სხდომა, რომელიც განიხილავს კერძო შემთხვევებს და რეკომენდაციას აძლევს ასოციაციის
საერთო კრებას, იმართება შემდეგი წესის დაცვით:
9.4.1. ეთიკის კომისიას წერილობითი განაცხადის ან საჩივრის ფორმით მიმართავს:
ა) ასოციაციის საერთო კრება ან გამგეობა;
ბ) ასოციაციის კომისია;
გ) ფიზიკური პირი;
დ)იურიდიული პირი;
9.4.2. წერილობითი განაცხადი ან საჩივარი შემოდის ასოციაციის საორგანიზაციო საკითხთა კომისიაში
(შესაძლებელია სხვა პირის დანიშვნა), რომელიც ვალდებულია, საჩივრის ან განაცხადის გადარჩევის
შემდგომ არაუმეტეს ორ სამუშაო დღეში, გადასცეს ეთიკის კომისიას;
9.4.3. კომისიას შეუძლია უარი თქვას საკითხის განხილვაზე, რაც სათანადოდ უნდა იქნას დასაბუთებული;
9.4.4. საკითხის განხილვისას, სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნას შემთხვევის მონაწილე პირი;
9.4.5. საკითხის განხილვისას, სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნას სხვა სპეციალისტი დარგობრივი
ექსპერტი.
მუხლი 10. კომისიის სხდომა
10.1. კომისიის სხდომა მოიწვევა არანაკლებ 3 თვეში ერთხელ. სხდომის ჩატარების დრო, ადგილი და
ფორმა (დისტანციური ან ფიზიკური შეხვედრის ფორმატი) განისაზღვრება კომისიის
თავმჯდომარის მიერ.
5
10.2. კომისიის სხდომა ასევე შეიძლება მოწვეულ იქნას ასოციაციის თავმჯდომარის ინიციატივით.
10.3. კომისიის სხდომის მოწვევის ორგანიზაციულ საკითხებს უზრუნველყოფს კომისიის თავმჯდომარე.
10.4. კომისიის წევრებს, არაუგვიანეს 3 დღისა, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით ეცნობებათ
სხდომის მოწვევის დრო, ფორმატი, ადგილი და დღის წესრიგი.
10.5. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა მესამედზე მეტი. კომისიის
თითოეული წევრი უფლებამოსილია დააყენოს წინადადება სხდომის დღის წესრიგში
ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ.
10.6. კომისიის სხდომაზე ხორციელდება დამსწრე წევრების აღრიცხვა, რაც შეიტანება შესაბამის ოქმში.
10.7. კომისია გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით, თუ ამ
დებულებით სხვა უმრავლესობა არ იქნება დადგენილი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში
გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
10.8. კომისია გადაწყვეტილებებს იღებს ღია კენჭისყრით. გადაწყვეტილება შესაძლებელია მიღებულ
იქნას ელექტრონული ფოსტით დადასტურებითაც, თუკი კომისიის წევრების სიითი
შემადგენლობის უმრავლესობა ელექტრონული ფორმით გამოხატავს თანხმობას, რაც აისახება
კომისიის სხდომის ოქმშიც.
10.9. კომისიის სხდომაზე დგება ოქმი, რომლსაც ადგენს ასოციაციის საკომისიო მიმართულების
შესაბამისი წარმომადგენელი. ოქმს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე ან სხდომის თავმჯდომარე.
მუხლი 11. კომისიის დებულებაში ცვლილების შეტანა და მოქმედების ვადის განსაზღვრა
11.1. წინამდებარე დებულების გაუქმებას, მასში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანას ახდენს
ასოციაციის საერთო კრება.
11.2. წინამდებარე კომისიის დებულება ძალაშია ასოციაციის საერთო კრების მიერ მისი დამტკიცების
დღიდან და მოქმედებს კომისიის საქმიანობის ვადით.